2025 წლის 8 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ გიორგი ტყეშელიაძის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია.
კრებული წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ტყეშელიაძის 95 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოცემას. მასში თავმოყრილია ქართული იურიდიული მეცნიერების სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა (პროფესორ გიორგი ტყეშელიაძის მეგობრების, მოწაფეების, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტების) მოგონებები ამ ღვაწლმოსილ მეცნიერზე, ასევე სამეცნიერო ნაშრომები სამართლის სხვადასხვა სფეროში.
კრებული საინტერესო იქნება იურიდიული მეცნიერებით დაინტერესებული მკითხველისთვის. პრეზენტაცია გახსნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა - თამარ ზარანდიამ. სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე და კრებულის რედაქტორები, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები ნონა თოდუა და მაია ივანიძე.